ინგა გაბისონია 3 წელია ერთ-ერთ თურქულ ოჯახში ძიძად მუშაობს. როგორც ქალბატონი mshoblebi.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მისი ემიგრანტობის მთავარი მიზეზი, სმენადაქვეითებული შვილისთვის “ჩვენს სამყაროში დაბრუნების, სიჩუმის სამყაროდან თავის დაღწევის სურვილი იყო”.

– გიორგი დაბადებიდან სმენადაქვეითებულია. ორსულობისას წითურა გადავიტანე და ნაყოფი დამიზიანდა, ხელოვნურად უნდა შეწყვეტილიყო ორსულობა, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე და ბავშვი გავაჩინე. თვეების იყო, რომ მივხვდი, სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მქონდა საქმე, თბილისში ჩავიყვანე და კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგის მე-4 ხარისხის ნეიროსენსორული სმენადაქვეითება ჰქონდა, რაც უმძიმესი ფორმაა დაავადების. ეს დიდი შოკი იყო

ჩემთვის, 18 წლის ვიყავი და მეგონა, ჩემი ცხოვრება დასრულდა. როცა ამ ყველაფრის გაგება მომიწია, უფროსი შვილი, თამთა 2 წლის მყავდა… ოჯახი 15 წლისამ შევქმენი.

– მას შემდეგ, რაც თქვენთვის ცნობილი გახდა გიორგის სმენის პრობლემების შესახებ, რა გზას დაადექით?

– 3 წლის და ხუთი თვის იყო, როცა პირველი ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი დღეც არ გაიჩერა აპარატი, ბოლოს გაგვიტყდა და დაახლოებით 5 წელია გაფუჭებული გვქონდა! სახელმწიფომ დაგვიფინანსა პირველი ოპერაცია. შემდგომ დაისვა საკითხი კოხრეალურ იმპლანტაციაზე. მარცხენა ყურში საერთოდ არ ესმის, მარჯვენა ყურში რაღაც პროცენტებით აქვს სმენა და ამაზე დაყრდნობით მარჯვენა ყურში ჩაიდგა იმპლანტი. სმენის პრობლემების გამო, გიორგის მეტყველების მხრივაც აქვს პრობლემები. რეოპერაციისთვის გარკვეული თანხები მჭირდებოდა და ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე, გავხდი ემიგრანტი თურქეთში. 2 წლის მანძილზე დავაგროვე თანხები და 2017 წელს ჩამოვედი საქართველოში, გავემზადეთ

რეოპერაციისთვის, უნდა მომხდარიყო ევაკუაცია ძველი იმპლანტის და ჩაედგათ ახალი. 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში გაკეთდა შიდა ინპლანტის ჩადგმა და ოპერაცია დაფინანსდა, როცა საქმე გარეთა აპარატზე, პროცესორზე მიდგა, მითხრეს, რომ მერია დაგაფინანსებთო, 18500 ლარზე იყო საუბარი, რაზეც უარი მივიღე. ზუგდიდის გამგეობა ამხელა თანხას ვერ აფინანსებს. გარეთა აპარატი კი არის უმთავრესი, რათა შიგნითა იმპლანტს გადაეცეს იმპულსები, რომ ბავშვმა გაიგოს სამყაროს ხმები.
– გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემის მოგვარებაში ის თურქული ოჯახი დაგეხმარათ, სადაც მუშაობთ…

– დიახ, ასეა! ჩემი ყველა პრობლემა მიიტანეს გულთან, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გარეთა სასმენ აპარატს გიორგის თავად აჩუქებდნენ. სამ წელზე მეტია გაზიატებში, ლატიფ კაპლანის, კაპლანების ოჯახში ძიძად ვმუშაობ. რადგან შემომთავაზეს დახმარება, დავთანხმდი. ამ პერიოდში თბილისიდან კლინიკამაც დამირეკა, ვინმესგან ვითხოვთ აპარატს და გიორგის ვათხოვებთო, ძველი გაფუჭებული აპარატი, რომელიც სახლში მქონდა, მომიტანეთო. მე მივიტანე და შეაკეთეს ძველი, მაგრამ გიორგიმ არ გაიჩერა, შეშინებული იყო, აფეთქდება, არ მინდაო, რადგან ძველი და გატეხილი გააკეთეს… აპარატის შეძენა 6000 ევრო დაჯდა. 14 წლის გიორგის ახლა ყველაფერი ესმის. პირველად კი ჩემი ხმა გაიგო, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თურქულ ოჯახს.

mshoblebi

– როგორც აღნიშნეთ, წლებია თურქეთში იმყოფებით. შვილები ვისთან არიან?
– მე მარტოხელა დედა ვარ. საქართველოში მყავს მოხუცი მამა. ბავშვები ხან ბაბუასთან არიან, ხან მამიდასთან.

– როგორია ახლა გიორგის მდგომარეობა, საგანმანათლებლო პროცესში თუ არის ჩართული?
– გიორგი ბაღის ასაკიდან თბილისში იყო, სკოლაშიც 203-ე საჯაროში დადიოდა, ბოლო 1 წელია ქუთაისის სპეციალურ სმენადაქვეითებულთა სკოლაშია. რაც შეეხება მის მდგომარეობას, შემდგომი ეტაპი არის, რომ ლაპარაკი და სიტყვების მნიშვნელობა შეისწავლოს… წინ დიდი გზაა, თან ურთულესი!
რუსკა კილასონია

MSHOBLEBI.GE